თმის გადანერგვის თანამედროვე ტექნოლოგია გულისხმობს ჯანმრთელი თმის ძირების მოპოვებას პერმანენტულ სადონორო მიდამოებიდან და მათ აუტოტრანსპლანტაციას თმაგაცვენილ (სარეციპიენტო) ზონაში, ანუ იქ სადაც თმა გაცვენილი ან შეთხელებულია. ჯანმრთელი სადონორო თმის ფოლიკულები უმეტეს შემთხვევაში მოიპოვება კეფის არეში, ასევე შესაძლებელია სადონორო თმის ძირების მოპოვება სხეულის სხვადასხვა მიდამოებიდან (მაგ: წვერი, გულმკერდი, მხრები, ფეხები), სხეულის თმა გამოიყენება მაშინ, როდესაც კეფაზე არსებული თმის ძირების მარაგი არ არის საკმარისი თმაგაცვენილი მიდამოების მაღალი სიხშირით დაფარვისათვის.

თმის სადონორო პერმანენტულ ზონას წარმოადგენს ის სადონორო არე სადაც თმა არასოდეს ცვივა. მაგალითად მამაკაცური ტიპის თმის ცვენის შემთხვევაში თმის ცვენა იწყება შუბლის, თმის ხაზის და თხემის მიდამოებიდან და გრძელდება გვირგვინამდე, თუმცა კეფის არეში თმა არასოდეს ცვივა. აღნიშნული გარემოება განპირობებულია კეფაზე არსებული თმის ფოლიკულების მდგრადობით მამაკაცური ჰორმონების მიმართ. თმის ცვენის განვითარების პროცესში ჩართულია ისევე როგორც გენეტიკური, ასევე ჰორმონალური ფაქტორები. ორივე ფაქტორის თანხვედრის შემთხვევაში ირთვება პათოლოგიური ციკლი, რაც იწვევს თმის ძირების დაზიანებას და შემდგომ განლევას. კეფაზე არსებულ თმის ძირებს არ გააჩნიათ გენეტიკური წინასწარგანწყობა მამაკაცური ჰორმონების მიმართ, შესაბამისად აღნიშნული ფოლიკულები იზრდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში და არასოდეს ცვივა. შესაბამისად არ ცვივა გადანერგილი თმაც, რადგან ის მოპოვებულია პერმანენტული (მუდმივი) სადონორო ზონიდან.

ჩვენს კლინიკაში დანერგილია სადონორო არის თანამედროვე პლასტიკისა და გადანერგილი თმების მაქსიმალური სიხშირის მიღწევის თანამედროვე კონცეფციები. რაც მთავარია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სადონორო არეში პრაქტიკულად არ ვითარდება ნაწიბურები. ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილები, საიდანაც მოიპოვება თმის ძირები, პრაქტიკულად შეუმჩნეველია.

ფოლიკულური ექსტრაქციის მეთოდი

ფოლიკულური ექსტრაქციის მეთოდი წარმოადგენს თმის გადანერგვის ყველაზე ნაკლებად ინვაზიური მეთოდს, რომლის დროსაც ცალკეული ფოლიკულური გაერთიანებების (თმის ძირების ჯგუფების) მოპოვება ხორციელდება უშუალოდ სადონორო ზონიდან (კეფიდან ან სხეულიდან) სპეციალური მიკრო ინსტრუმენტებით ყოველგვარი განაკვეთებისა და ნაკერების გარეშე.

მეთოდის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ თმის ძირების მოპოვების შემდეგ კეფაზე არ რჩება ხაზოვანი ნაწიბურები. კეფის არეში სუსტი სადონორო მარაგის პირობებში მეთოდი იძლევა საშუალებას მოპოვებული იქნეს დამატებითი გრაფტები (თმის ძირების შემცველი ქსოვილები) სხეულის სხვა თმიანი ადგილებიდან (გულმკერდიდან, ფეხებიდან, მხრებიდან ან წვერიდან)

FUE – ფოლიკულური ექსტრაქციის მეთოდის გამოყენება რეკომენდირებულია მამაკაცური ტიპის თმის ცვენის შემთხვევაში, აგრეთვე სხვადასხვა ეტიოლოგიის (დამწვრობის, ტრავმისა და ოპერაციის შემდგომი) ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს, წარბებისა და წვერის აღდგენისათვის.

აღნიშნული მეთოდით კლინიკა თალიზის მარალკვალიფიციურ გუნდს შეუძლია გადანერგოს 4000 გრაფტი და მეტი – ფოლიკულური გაერთიანება ერთი 6-8 საათიანი პროცედურის განმავლობაში. დღეისათვის პატარა მასშტაბის FUE პროცედურები ( 1500 გრაფტამდე) კეთდება თავის გადაპარსვის გარეშე, რაც კოფორტულს და შეუმჩნეველს ხდის პოსტოპერაციულ პერიოდს ჩვენი პაციენტებისათვის.